თანაბარი შესაძლებლობების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით სთეფ ფორვარდმა პრეზენტაცია გამართა 2014-06-17
თანაბარი შესაძლებლობების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით 17 ივნისს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდი“ -ს მიერ გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“,- შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართულ ბავშვთა სწავლის, კომუნიკაციისა და სოციალური უნარჩვევების განვითარება, მშობლების ინფორმირებულობის დონის გაზრდა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის და განათლების საჭიროებებზე და შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
სმენადაქვეითებულ ბავშვთა ადრეულ დიაგნოსტიკას, დროულ და ხარისხიან რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მეტყველების და კომუნიკაციის, აღქმისა და სწავლის უნარების განვითარებისთვის, შემდეგ კი დასაქმებისთვის. რაც საზოგადოებაში მათი წარმატებულ ინტეგრაციის საფუძველია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები: ადვოკატირება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილ იქნა სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული ბავშვების მიღწევები და ოჯახის მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში.