ბავშვის განათლების უფლების რეალიზების ხელშეწყობა, პროექტის შედეგების პრეზენტაცია 2014-06-24
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდ“ -მა აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართა კვლევის - „აჭარაში ჟესტური ენით სწავლებისთვის სპეციალური დაწყებითი კლასის შექმნის საჭიროების შესწავლა“ - პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავდა: 1. აჭარაში სმენადაქვეითებული ბავშვების სასკოლო და სკოლამდელი განათლების მდგომარეობის შეფასებას; 2. ჟესტური ენის, როგორც შემეცნებითი განვითარებისა და განათლების მიღების ალტერნატიულ მეთოდზე მშობლების, პედაგოგების და ექსპერტების შეხედულებების შესწავლას, 3. რეკომენდაციების შემუშავებას და წარდგენას აჭარის ხელისუფლებისთვის.
კვლევამ დაადასტურა ჟესტური ენით სწავლების საჭიროება და განსაზღვრა მის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ნაბიჯები, რაც ჯამში ერთი მწყობრი კომპლექსური სისტემის შექმნისკენ იქნება მიმართული. კვლევის დროს გამოიკვეთა სმენის აპარატითა და კოხლეარული იმპლანტით აღჭურვილი ბავშვებისთვის ინტეგრირებული კლასის შექმნის საჭიროებაც.
კვლევა ჩატარდა პროექტის ”ბავშვის განათლების უფლების რეალიზების ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების და ჯანმრთელობის დაცვის კომისიის წევრები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები.