ტრენინგი სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისა და ლოგოპედებისათვის 2013-08-09
7-9 აგვისტოს ბათუმში სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისა და ლოგოპედებისათვის ჩატარდა ტრენინგ კურსი თემაზე: „კოხლეარული იმპლანტაციის რეციპიენტების (რე)აბილიტაციის აქტუალური საკითხები“. ღონისძიება გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“-ს და შ.პ.ს. „კინდ სმენა“-ს პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“- ფარგლებში.
ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა კიევის ოტოლარინგოლოგიის ინსტიტუტის რეაბილიტაციის წამყვანი სპეციალისტი ქ-ნი ნინა შეპელენკო, მიზნად ისახავდა მშობლებისა და ლოგოპედებისთვის სმენადაქვეითებულ ბავშვთა (რე)აბილიტაციის თანამედროვე მიდგომების გაცნობას. ტრენინგებს ესწრებოდნენ სურდოპედაგოგები და ლოგოპედები ბათუმიდან, თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე აჭარის რეგიონში მცხოვრები იმ სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები, რომელთაც ჩაუტარდათ კოხლეარული იმპლანტაცია.
კოხლეარული იმპლანტაცია გულისხმობს სიყრუის დროს შიგნითა ყურში ელექტროდის ჩანერგვის გზით სმენის აღდგენას. ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია ხანგრძლივი რეაბილიტაცია მეტყველების თერაპევტისა და მშობლების მონაწილეობით.
საქართველოში კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციას 1998 წლიდან აკეთებენ, სმენის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმპლანტის შეძენა 2003 წლიდან დაიწყო, ხოლო 2012 წელს პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
დროული და ხარისხიანი (რე)აბილიტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია კოხლეარული იმპლანტაციის მქონე ბავშვთა მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების გამომუშავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ წარმატებულ ინტეგრაციას.