• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

ტრენინგი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის 2017-03-17

ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმები ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე, მისი ხასიათის ფორმირებაზე,  საზოგადოებაში ადაპტაციაზე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრში მომუშავე პროფესიონალები მზად იყვნენ იმისთვის, რომ საფრთხის სიგნალები ამოიცნონ, მსხვერპლის მინიშნებებს ყურადღება მიაქციონ, დროული და მართებული რეაგირება მოახდინონ.

 

 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, 2017 წლის 13-17 მარტს გაიმართა ტრენინგი ზუგდიდის, ბათუმის და თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის. ეს იყო მრავალსაფეხურიანი ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელზეც ცენტრების ახალმა თანამშრომლებმა მიიღეს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე: ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ახალგაზრდა - ფსიქოლოგიური და იურიდიული ასპექტები; ადვოკატირების ცენტრის მუშაობის პრინციპები და ცენტრების სამუშაო ფორმები; ადვოკატირების ცენტრების მულტიდისციპლინური და მულტისექტორული თანამშრომლობის პრინციპები; ადვოკატირების ცენტრის ბავშვთა დაცვის პოლიტიკა და პროცედურები; ადვოკატირების ცენტრების როლი ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში - საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, მედიასთან და თემთან თანამშრომლობა და სხვა. ტრენინგის დასკვნით ეტაპზე დაიგეგმა პროექტით გათვალისწინებულ ერთობლივ საქმიანობებთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები, ასევე მრავალსაფეხურიანი ტრენინგის შემდგომი ეტაპები.

 

პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში მუშაობს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, რომლებიც ემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს. პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

                 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს „სთეფ ფორვარდი“ - სთან  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი” - სთან, და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.